|
|
ევროვიზიის წესები
რიგით 55-ე ევროვიზიის სიმღერის ფესტივალი ნორვეგიის დედაქალაქ - ოსლოში ჩატარდება და მასში მონაწილეობას 39 ქვეყნიდან შერჩეული კონკურსანტები მიიღებენ.
ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე - ამა თუ იმ ქვეყნის წარმომადგენლის შერჩევას, დადგენილი წესის შესაბამისად, ამავე ქვეყნის მაუწყებელი უზრუნველყოფს.
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესის თანახმად, ფინალში ავტომატურად მიიღებენ მონაწილეობას: დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ესპანეთისა და 2009 წლის გამარჯვებული ქვეყნის - ნორვეგიის წარმომადგენლები.
დანარჩენი 34 ქვეყნის კონკურსანტები - კენჭისყრის შედეგად, რომელიც თებერვლის დასაწყისისთვის არის დაგეგმილი, ნახევარფინალებში გადანაწილდებიან. სცენაზე გამომსვლელთა თანმიმდევრობა 22 მარტს გახდება ცნობილი.
55-ე ევროფესტივალის პირველი ნახევარფინალი - 25 მაისს, მეორე - 27 მაისს გაიმართება. ფინალური კონკურსი კი 29 მაისს შედგება.
წლევანდელ ევროფესტივალზე გამარჯვებულს მაყურებელი და ჟიური გამოავლენენ. მათი ხმები პროპორციულად, პრინციპით 50% - 50% -ზე გადანაწილდება.
2010 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსისთვის მზადება დაწყებულია. ევროპა გრანდიოზული სანახაობის მოლოდინშია.
შიდაშესარჩევი კონკურსის პირობები
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის გიორგი ჭანტურიას ბრძანებით, შეიქმნა საპროდიუსერო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ:
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილე პროდიუსინგის დარგში - გიორგი გაჩეჩილაძე,
საზოგადოებრივი მაუწყებლის მუსიკალური მიმართულების პროდიუსერი კობა მეგრელიშვილი,
საზოგადოებრივი მაუწყებლის საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი მაია ბარათაშვილი,
საზოგადოებრივი მაუწყებლის საერთაშორისო პროექტების პროდიუსერი ნათია უზნაძე
და სპეცილურად მოწვეული საქართველოს პირველი ხმა ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე სოფო ხალვაში.
კომისიის გადაწყვეტილებით, 2010 წელს ნორვეგიაში ევროვიზიის 55-ე კონკურსზე საქართველოს სახელით გაემგზავრება მომღერალი სოფო ნიჟარაძე.
17 იანვარს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაცხადა სიმღერის ეროვნული კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა შეეუძლია ყველა კომპოზიტორს, როგორც საქართველოდან, ასევე უცხოეთიდან.
სიმღერის კონკურსი გრძელდება 3 თებერვლამდე.
შიდაშესარჩევი კონკურსის მესამე ეტაპზე კი შეირჩევა ხუთი საუკეთესო სიმღერა, რომელთა შორის საუკეთესოს ქართველი ერი (სმს-ების საშუალებით) და კომპეტენტური ჟიური ერთობლივად შეარჩევს.
გამარჯვებული მომღერალი - სოფო ნიჟარაძე შერჩეულ სიმღერას 2010 წლის მაისში, ოსლოში გამართულ კონკურსზე - ევროვიზია 2010 - შეასრულებს.
|